გეოგრაფიული მდებარეობა

ზემო აფხაზეთის – “დალის სვანეთისმოკლე ისტორიულგეოგრაფიული
მახასიათებლები

„დალის სვანეთი“ მდებარეობს დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდინარე კოდორის ხეობის ზედა წელზე, სათავეებიდან 40 კილომეტრის მანძილზე. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი. საზღვარი გადის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭუბერის უღელტეხილიდან მარუხის უღელტეხილამდე, დაახლოებით 80-90 კმ. აღმოსავლეთიდან ოჩამჩირის რაიონის ტერიტორიები ესაზღვრება (საზღვარი კოდორის ქედს მიჰყვება თითქმის მის შუა წელამდე), სამხრეთიდან კი – გულრიფშის რაიონის ლათის ს/საბჭოს ტერიტორია, შემდეგ საზღვარი აფხაზეთის ქედის გასწვრივ გრძელდება სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით და უერთდება ისევ კავკასიონის მთავარ ქედს. „დალის სვანეთი“ მოიცავს მდინარე კოდორის ოთხი (აძგარის, ყულუჩის, გვანდრისა და საკენის) დიდი შენაკადების აუზებს. ფართობი შეადგენს დაახლოებით 650 ჰა, აქედან 350 ჰა საკარმიდამო და სახნავ-სათიბ მიწებს უკავია, დანარჩენი კი ტყის მასივები და ალპური საძოვებია. ტერიტორიის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 600 მ-ზე (სოფ. ჩხალთა), ხოლო უმეტესი ნაწილი – 1000-1500 მ-ის სიმაღლეზე. აქაურობა ხასიათდება ნესტიანი კლიმატით. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 1800-2000მმ-ს აღწევს. თოვლის საფარველი ზამთარში 1,5-2 მეტრია. ზამთრის პერიოდი გრძელდება, ჩვეულებრივ, ხუთ თვეს – ნოემბრიდან მარტის ჩთვლით. საშუალო ტემპერატურა ამ დროს მინუს 6-9 გრადუსის ტოლია. ზაფხული შედარებით რბილია. საშუალო ტემპერატურა ივლისში 15-200 – ს შეადგენს. „დალ“ სვანეთში გავრცელებული სახელწოდებაა და იგი ნადირობის ქალღმერთს ჰქვია, არავის ახსოვს და არც მეცნიერებამ იცის, თუ რა დროიდან ეწოდა იგი ამ ადგილს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ხეობა დასახლებული იყო სვანურენოვანი ქართველებით, რომლებიც აქ მე-19 საუკუნის 80-90 წლებში დასახლდნენ. ამდენად „დალ“-ის წარმოშობა დაკავშირებული უნდა იყოს შორეულ წარსულთან, რადგანაც ამ ხეობაში ანტიკური ხანიდან VIII საუკუნუმდე ცხოვრობდნენ მისიმიანები, რომლებიც, ქართული ისტორიოგრაფიის მტკიცებით სვანური მოდგმის ქართველურ ტომებად ითვლებიან. ახ.წ.VI საუკუნეში მისიმანებს ბრძოლა მოუხდათ ბიზანტიის იმპერიის მრავალრიცხოვან ჯართან და მთელი ტომი ერთი კაცივით შეაკვდა უზარმაზარი სახელმწიფოს ძლიერ სამხედრო ძალას. კოდორის ხეობაში სვანების (მისიმიანების) უძველესი დროიდან განსახლების შესახებ კიდევ უფრო ადრინდელ ცნობას გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი სტრაბონი (ძვ.წ. 64, ახ.წ. 24). კავკასიაში სვანები „თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცითა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ (ყოველივეს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის: ჰყავთ ბასილევსი და საბჭო 300 მამაკაცისაგან შემდგარი და როგორც ამბობენ ჰკრებენ ლაშქარს 200000 (კაცის რაოდენობით)“. „დასავლეთ კავკასიის სექტორში, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, უძველესი დროიდან ქლუხორის უღელტეხილი ყველაზე მთავარი საკომუნიკაციო გზა იყო. ამასთანავე ცხადია, რომ იგი მისიმანთა (სვანთა) კონტროლს ექვემდებეარებოდა“, – ამბობს მკვლევარი და თვითონ კუთხეც ამის ნათელი დადასტურებაა. დღემდე კარგადაა შემორჩენილი ძველად აშენებული და რუსეთის მეფე ნიკოლოზ II მიერ აღდგენილი საქარავნო გზა, მიმავალი ქლუხორის უღელტეხილზე. ხეობაზე გადის უმოკლესი გზა, ჩრდილოეთიდან შავ ზღვაში გასასვლელად, შესაბამისად ძალზედ დიდია ხეობის ადგილმდებარეობა სტრატეგიული თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით.