აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის განცხადება

ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის წევრი – ელენე ხოშტარიას მიერ სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებულ სურათებს (https://www.facebook.com/Llaka/posts/10154057270470728), რომელიც ავტორის თქმით გადაღებულია ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის ქ. №98-ში მდებარე დევნილების დასახლებაში და ასახავს წვიმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლის ჭერის მდგომარეობას.

აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული 42 ოჯახი. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი ინფორმირებულია აღნიშნული საკითხის და იქ არსებული პრობლემის შესახებ, რომლის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით, მუნიციპალიტეტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან.

2015 წელს, ზემოაღნიშნულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. 98) მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაციის მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4465 (ოთხი ათას ოთხას სამოცდახუთი) ლარის ოდენობით დაფინანსდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „აჟარა“, რომლის მიერ განხორციელდა დევნილთა საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაცია, მაგრამ გაჩნდა სახურავის დაზიანების ახალი კერა, საიდანაც წვიმის დროს ჩამოსვლა დაიწყო წყალმა.

ჩვენს ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, 2017 წელს ქ. ქუთაისის მერიასთან და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „აჟარასთან“ ურთიერთთანამშრომლობით, იგეგმება ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული დევნილთა საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაცია.

ამასთანავე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ, ზემო აფხაზეთიდან დევნილ 37 ბენეფიციარს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება, მათ შორის:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 7 პირს;
  • 4 ხანდაზმულ (80 წელზე მეტი) მოქალაქეს;
  • 3 მარტოხელა პენსიონერს;
  • მარჩენალდაკარგულ 2 ბავშვს;
  • 3 მრავალშვილიან ოჯახს;
  • 1 ომში დაღუპულის ოჯახს;
  • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 17 ოჯახს.

ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 1 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური;

გარდა ამისა, საახალწლოდ, დევნილი ბავშვებისათვის სასაქონლე პაკეტებით დახმარების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ზემო აფხაზეთიდან დევნილ 27 ოჯახს გადაეცა 34 ცალი სასაქონლე პაკეტი.

 

 

Comments

comments